26 დეკემბერი 2024,   22:00
ვრცლად
"საქართველოს რუსეთისგან საჩუქრები არ სჭირდება" -პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას და რუსეთის მოქალაქეებისთვის 3-თვიანი ვიზების დაწესებას ითხოვს

სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმიანება - საქართველოს პრეზიდენტის თქმით, "საქართველოს რუსეთისგან საჩუქრები არ სჭირდება" და პუტინის გადაწყვეტილება პროვოკაციაა.

"ეს არის პროვოკაცია პირდაპირ ჩვენი საზოგადოების გამოწვევისთვის და ხელისუფლებას აყენებს დიდი გამოწვევის წინაშე. ეს უთუოდ გამოიწვევს დაძაბულობას პარტიებს შორის, მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს დაძაბულობას არ გამოიწვევს, გამოიწვევს დიდ რეაქციას საზოგადოებისგან, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ როდესაც რუსეთი ასეთ ნაბიჯებს დგამს, დგამს თავისი ინტერესებისთვის," - თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის 3-თვიანი სავიზო რეჟიმი დააწესოს.

"მოვუწოდებ ხელისუფლებას, დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს პირიქით, 3-თვიანი ვიზების დაწესება, რომელიც საჭიროა ჩვენთვის, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. მეტი კონტროლია სახელმწიფოსგან საჭირო იმ რუსების მიმართ, ვინც შემოდიან ქვეყანაში,რჩებიან და აუცილებელია ზომები იყოს მიღებული, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ცივილიზებულ ჩარჩოებში.

ჩვენ ვართ ტოლერანტული ქვეყანა, ყველას ვიღებთ, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ შეიძლება მოხდეს," - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას უვიზოდ 15 მაისიდან შეძლებენ, დღეს გახდა ცნობილი. ასევე, პუტინმა აკრძალვა მოხსნა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე.

დღის ამბები