17 ნოემბერი 2026,   18:34
ვრცლად
რევაზ ნადარაია ბერდია სიჭინავას: თქვენ ხართ პარტია, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ შევიდა პარლამენტში და სარგებლობს თავისი მანდატებით, ხალხს წარმოადგენთ პარლამენტში, ამ ყველა პირობის გათვალისწინებით, არალეგიტიმურია ხელისუფლება?

უკვე 5 საათია საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. სასამართლო კითხვა-პასუხის რეჟიმში რჩება. დღის მეორე ნახევარში, კითხვებს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს უსვამენ. "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლისგან, ბერდია სიჭინავასგან მოსამართლეებს აინტერესებთ პარტიის პოზიცია ძალადობრივ აქციებზე, სანქციებზე და ხელისუფლების ლეგიტიმაციის თემებზე.

ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს.

"ყველას აქვს მთავარი საზომი ლეგიტიმურობის კრიტერიუმების. ეს არის საზოგადოებრივი რწმენა, როგორ აღიქვამს საკუთარ ხელისუფლებას. მას აღიქვამს თუ არა სამართლიან ხელისუფლებად. არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკური პლურალიზმი და გადაწყვეტილებებში მონაწილეობის სივრცე? - აი ეს არის ძირითადი საკითხი, რომელსაც ყველა მკვლევარი ეხება და ასე აღიქვამს კონკრეტულ შემთხვევაში ლეგიტიმაციას.

არჩევნების შედეგებს რაც შეეხება, ფაქტია, რომ იურიდიული ძალის შედეგები დადგა დღეს საქართველოში. ეს შედეგები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, მაგრამ მივიღეთ იმიტომ, რომ ამ შედეგების იურიდიული ძალა დადგა და ეს მოცემულობაა ამ ქვეყანაში.

ლეგიტიმურობის ნაწილს რაც შეეხება ახლა, რითაც წარმოდგენილია და პოზიციონირებს დღეს საქართველოს ხელისუფლება, თავადვე ადასტურებენ, რომ კოჭლი ლეგიტიმაციის პირობებში არიან," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამაზე კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ბერდია სიჭინავას ჰკითხა, მას შემდეგ, რაც გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა და მანდატს იყენებს, ისევ არალეგიტიმურად მიიჩნევენ თუ არა "ქართულ ოცნებას."

"თქვენ ხართ პარტია, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ შევიდა პარლამენტში და სარგებლობს თავისი მანდატებით, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებით. ამ ყველაფერს იღებთ, მანდატებს იყენებთ, ხალხს წარმოადგენთ პარლამენტში, მაგრამ ამ ყველა პირობის გათვალისწინებით, არალეგიტიმურია ხომ?" - მიმართა ნადარაიამ სიჭინავას.

გარდა ამისა, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცდილობს თავი აარიდოს მოსამართლეების შეკითხვებს მნიშვნელოვან საკითხებზე, რადგან მათ არც პასუხები და არც არგუმენტები არ აქვთ.

დღის ამბები