17 ნოემბერი 2026,   18:43
ვრცლად
ბექა ძამაშვილი BridgeGap-ის კვლევაზე: კვლევა საქართველოს ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის კიდევ ერთი მკაფიო ინდიკატორია - ყველა სხვა მსგავსი ანგარიშის მიხედვით, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს. რეიტინგი ევროკავშირის პროგრამა "ჰორიზონტის“ პროექტ BridgeGap-მა გამოაქვეყნა.

მაჩვენებლები ზომავს, რამდენად არის უზრუნველყოფილი ევროპის ქვეყნებში სასამართლოს გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა. სასამართლოს გამჭვირვალობის შეფასებაში საქართველომ უმაღლესი, 10 ქულა მიიღო. დამოუკიდებლობის რეიტინგში კი 6 ქულა აქვს და ევროპის საუკეთესო ოცეულშია. საქართველო რეიტინგში უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ნატოს, შენგენის ზონის და ევროკავშირის 18 სახელმწიფოს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო.

​"აღნიშნული კვლევა საქართველოს ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის კიდევ ერთი მკაფიო ინდიკატორია და ყველა სხვა მსგავსი ანგარიშის მიხედვით, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კომპონენტში, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით და ყველა ეს მაჩვენებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან ერთად, არის უტყუარი მტკიცებულება სწორედ სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის მიმართულებით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა, სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო," - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

დღის ამბები