ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფოსგან მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნით, საქართველოს 758 მოქალაქის მიერ ხელმოწერილ პეტიციას განიხილავენ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პეტიცია პარლამენტში საბჭოს სხდომის გამართვამდე იყო შესული და დღევანდელ განხილვაზე კიდევ ერთხელ მოუსმენენ მშობლებს. სხდომას კანონმდებლებთან ერთად აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები დაესწრებიან.
„პეტიცია შემოსულია მანამ, სანამ საბჭოს სხდომა იყო. ჩვენი ვალდებულებაა, რომ განვიხილოთ ეს პეტიცია და რა მოთხოვნები აქვს მშობლებს. ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ მათთან ერთად. როდესაც ვიხილავდით 2023 წლის ბიუჯეტს, მაშინაც ვთქვით და ახლაც ვიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ვცდილობთ და ვეცდებით, რომ პრეპარატი „ვოზორიტიდი“ იქნეს შემოტანილი საქართველოში,“ - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე.