ევროპის ახალი გამოწვევები და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა - მოლდოვის დედაქალაქი მასშტაბურ სამიტს მასპინძლობს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს 47 ქვეყნისა და ევროპული ორგანიზაციების პირველი პირები ესწრებიან. მათ შორისაა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. ირაკლი ღარიბაშვილი პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.
მოლდოვაში, რომელიც ჯერ კიდევ დსთ-ს წევრია,დსთ-ს სამიტის გარდა, სხვა მასშტაბური ფორუმი პირველად ტარდება.
"დღეს ევროპული საზოგადოების აქ ყოფნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრ საკითხს განვიხილავთ, მათ შორის რუსულ აგრესიას. იქნება ორმხრივი შეხვედრები. საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაზეც ერთად ვიმუშავებთ. ჩვენ ვისაუბრებთ სოლიდარობის ალიანსზე, მოლდოვა როგორც სხვა ქვეყნები ვცდილობთ უკრაინის დახმარებას.
ბუნებრივია საუბარი იქნება ჩვენს ევროპულ მომავალზე. უკრაინა დღეს მოლდოვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მოლდოვა პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ტრიბუნალის იდეას. აუცილებელია პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს უკრაინაში. გთხოვთ, ინვესტიცია ჩადეთ ჩვენს ქვეყნებში. გთხოვთ, ირწმუნეთ ჩვენი დემოკრატია. ეს იქნება ჩვენთვის სტაბილურობისა და მშვიდობის მომავალი კონტინენტზე," - აცხადებს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ.
უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უკრაინა ნატოსთვის მზად არის და ელოდება როდის იქნება ნატო მზად, რომ მოიწვიოს უკრაინა.
"მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს მასპინძლობისთვის. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები, რადგან ეს არის ერთგვარი გზავნილი უკრაინელების მხრიდან, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვას. ჩვენ - უკრაინა და მოლდოვა გვერდი-გვერდ ვდგავართ. მოლდოვამ მიიღო ბევრი ლტოლვილი უკრაინიდან. მადლობა ამისთვის. უკრაინა ამას არ დაგივიწყებთ. ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ევროკავშირში.
უკრაინა მზადაა ნატოსთვის. ჩვენ ველით როდის იქნება მზად ნატო ჩვენთვის და მოგვიწვევს. ვფიქრობ უსაფრთხოების გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ უკრაინისთვის არამედ ჩვენი მეზობლებისთვის მათ შორის მოლდოვისთვის. რადგან რუსული აგრესიის გამო არსებობს პოტენციური საფრთხე ევროპის სხვა ნაწილებში," - აცხადებს მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ.