25 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
ქართველი მეზღვაურის მკვლელობა ბრაზილიაში - 31 წლის ილია კახაბერიძის მკვლელი სასტუმროს კამერებმა დააფიქსირეს

31 წლის ილია კახაბერიძის ცხედარი რიო-დე-ჟანეიროში, სასტუმროს ნომერში იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ის ნომერში საწოლზე მიბმული ნახეს, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ყაჩაღობა სახელდება. სასტუმროს კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ შედის მკვლელი ილია კახაბერიძის ნომერში, რამდენიმე საათში კი ტერიტორიას ტოვებს.

საქართველოს მოქალაქის სასტიკ მკვლელობას აქტიურად აშუქებს ადგილობრივი მედია. ცნობილია დამნაშავის ვინაობაც, რომელიც მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ის ადგილობრივი კრიმინალი, 41 წლის უოლას დე ოლივეირა გომესია. ბრალდებული წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის 9-ჯერ არის ნასამართლევი.

"კურიერი" ბათუმში, ილია კახაბერიძის ახლობლებს ესაუბრა. ოჯახს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღეს აცნობეს. ახლობლები ამბობენ, რომ კახაბერიძე ბრაზილიაში მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ ერთი თვის წინ წავიდა. ბოლოს მასთან კონტაქტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ.

ილია კახაბერიძე მეზღვაური იყო და ოფიცრის წოდება ჰქონდა. მოკლულის ცხედარი სამშობლოში ჯერ არ ჩამოუსვენებიათ. მას ექსპერტიზა რიო-დე-ჟანეიროს სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში უკვე ჩაუტარდა.

დღის ამბები