პრემიერ-მინისტრმა ევროპელ ლიდერებს მოლდოვიდან უთხრა, რომ საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხები მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი კიშინიოვში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმიდან.
სამიტი ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში პირველად ჩატარდა. მოლდოვის დედაქალაქში შეკრებილმა 47 ქვეყნისა და ევროპული ორგანიზაციების პირველმა პირებმა, უკრაინაში რუსულ აგრესიაზე, ევროპის ენერგეტიკულ სტაბილურობასა და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს მედიას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ უკრაინას საქართველოს მხარდაჭერა აქვს - იმ ქვეყნის, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და ხელისუფლება მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
ფორუმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიაშიც, რომლის სახელწოდება "უსაფრთხოება" იყო. ლიდერებმა ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. დისკუსიის ფარგლებში აქტუალურობა არ დაუკარგავს საქართველოს საკითხს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ პარტნიორებთან სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის გარდა, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
დეოკუპაციის მიმართულებით გაცხადებულ მიზნებსა და გამოწვევებზე, საქართველოს პრემიერმა შეხვედრების შემდეგ ისაუბრა. თქვა ისიც, რომ ხელისუფლებას ქვეყნის გაერთიანებისთვის სამშვიდობო პოლიტიკა აქვს არჩეული.
მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრამდე იყო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის გახსნის ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრემიერი ესწრებოდა. ფორუმი მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გახსნა. დისკუსიის შემდეგ შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.
მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, რომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება. პრემიერის განცხადებით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მონაწილეობა მიიღოს პარტნიორებთან გამართულ დისკუსიებში.
პრემიერ-მინისტრი კიშინიოვში ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა, მათ შორის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოს პირველი დიპლომატის თქმით, მისასალმებელია ნებისმიერი ახალი პლატფორმა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაეხმარება.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმზე, ევროპის 47 ლიდერს მაია სანდუმ მე-19 საუკუნეში აგებულ ციხე-სიმაგრეში უმასპინძლა. სამიტი პირველად, გასული წლის ოქტომბერში, ჩეხეთის დედაქალაქში ჩატარდა.