08 მაისი 2024,   21:35
ვრცლად
არის თუ არა რუსეთი თავდასხმის საფრთხის ქვეშ - რას აცხადებენ კრემლში და რა ვითარებაა ომის 466-ე დღეს უკრაინაში

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა და სამხედროები კარგად მუშაობენ, ამიტომ მოსკოველებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მდიდარი რუსები აღშფოთებას ვერ მალავენ თავიანთ მდიდრულ უბანში უკრაინული დრონების ხილვის გამო. რა ხდება რეალურად და რატომ გახშირდა რუსეთში უკრაინული დრონების გამოჩენა? კიევმა უარყო, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში კრემლზე დრონით თავდასხმის უკან ის იდგა, თუმცა შეერთებული შტატების დაზვერვა თვლის, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი უკრაინა იყო. სამხედრო ექსპერტები და დასავლეთის ქვეყნების დაზვერვა მიიჩნევს, რომ სწორედ უკრაინელების ტაქტიკის ნაწილია რუსეთზე თავდასხმა.

სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ უკრაინელები ცდილობენ რუსების ყურადღება მათსავე ტერიტორიაზე გადაიტანონ. მათი შეფასებით, რუსებს უკვე არჩევანი ექნებათ გასაკეთებელი, საკუთარი ტერიტორიები დაიცვან თუ ოკუპირებული. სპეციალისტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ეს იყოს მასშტაბური კონტრშეტევის დაწყების მოსამზადებელი პერიოდი.

მოსკოვზე დრონებით თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს თავდასხმა იყო პასუხი უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბზე თავდასხმის გამო. მოსკოვმა რამდენიმე დღის წინ პირველად განაცხადა, რომ თავს დაესხა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შტაბს.

უკრაინული დრონები რუსეთის ცაზე, პარალელურად კი რუსეთის თავდასხმა კიევზე! რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმების სერია მაისში ფრთოსანი რაკეტებისა და ირანული შაჰიდის დრონების გამოყენებით დაიწყო. თავდასხმები ძირითადად ღამით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური სტრესის მიყენების მიზნით ხორციელდება - როგორც ამას ქალაქის ოფიციალური პირები აცხადებენ. გასულ კვირას კიევზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი.

რაც შეეხება ბოლო 24 საათში განვითარებულ მოვლენებს. 4 ივნისის დილა უკრაინაში საჰაერო განგაშის სიგნალით დაიწყო. აფეთქებების ხმა ისმოდა კიროვოგრადის ოლქში. იერიშები განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც. დაზიანებულია ქალაქ ვოვჩანსკის ადმინისტრაციული შენობა და სახლები. დაიბომბა სუმის ოლქის 4 დასახლება. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაჭრილია ერთი ადგილობრივი. ერთი ბავშვი ემსხვერპლა თავდასხმებს დნეპროპეტროვსკის ოლქზე. ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაჭრილების რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. მათ შორის არის 5 ბავშვი, სამი მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა.

პარალელურად კი უკრაინა კონტრიერიშებს ახორციელებს. უკრაინელმა დამცველებმა სვატოვის მიმართულებით 400 მეტრით წინ წაიწიეს. რუსული მედიის ინფორმაციით ღამის განმავლობაში ყირიმზე დრონებით იერიშები 9 ჯერ განხორციელდა. ბელგოროდის გუბერნატორი კი ოლქში საჰაერო განგაშის სიგნალის ჩართვის შესახებ იტყობინება.

დღის ამბები