პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საქართველოში მაიდნის სცენარით მოქმედებისთვის ემზადება. შალვა პაპუაშვილმა დღეს სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომელშიც აქცენტი სწორედ დესტაბილიზაციის გეგმაზეა გაკეთებული. უსაფრთხოების სამსახურმა გამოქვეყნებულ ტექსტში კანვასისა და აკერმანის სწავლებების მიხედვით დაწყებულ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. უწყებაში არეულობის მიზნით ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებსაც ელოდებიან. პარლამენტის სპიკერის აზრით, ოპონენტების რევოლუციური სურვილების მიღმა ლობისტები და უცხოეთიდან წამოსული დაფინანსება დგას.
სუსის გამაფრთხილებელ განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, დეტალურადაა აღწერილი რა მეთოდებით გეგმავს ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა ნაწილი ქაოსისა და არეულობის გამოწვევას. პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება, ახალგაზრდების წახალისება პოლიციასთან დასაპირისპირებლად, სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება და დემონსტრაციებზე აალებადი ნივთების მიტანა - ეს იმ მეთოდების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სპეცსამსახურის ინფორმაციით კანვასისა და აკერმანის სწავლებების მიხედვით იგეგმება. სუსი პროცესებში უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილის ჩართვასაც არ გამორიცხავს.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციას, სპეკულაციურს უწოდებს ოპოზიციის ნაწილი. პოლიტიკოსები, რომლებიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობენ, ამბობენ რომ კანვასისა და აკერმანის მეთოდებზე საუბარი არარეალისტურია. მეორე ნაწილი კი თვლის რომ მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა არჩევნებია.
ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა - ასე აფასებს ოპონენტების მიზანს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლებისთვის სპეცსამსახურის ინფორმაცია ოპოზიციის რეალური სურვილების მორიგი გამჟღავნებაა. დეპუტატებმა დღეს აქციის მონაწილე ახალგაზრდებს სიფრთხილის, ოპონენტებს კი კონსტიტუციურ ჩარჩოებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
სუსმა კანვასისა და სერბეთის მოქალაქეების საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დაიწყო. გახდება თუ არა სპეცსამსახურის ახალი განცხადება მორიგი სისხლის სამართლის საქმის დაწყების წინაპირობა, უცნობია.