პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ წარმოუდგენელია, 70 000 დოლარის ოდენობის ჰონორარზე საუბარი.
როგორც მამუკა მდინარაძე განმარტავს, შეურაცხმყოფელია რომ ეს ვერსია ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას "შეასაღოს".
"სხვებს რომ ანალოგიურ ჰონორარად 300, 500 ან 1000 დოლარი ერიცხებათ ხოლმე და მაინცდამაინც ხოშტარიების ოჯახს 70 000 დოლარი, აქ რასთან გვაქვს საქმე, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ამის შემდეგ გავაგრძელოთ მსჯელობა, უხერხულია თუ არა, მორალურად სწორია თუ არა.
რამდენად დამაჯერებელია, რომ ეს არის ჰონორარი? ჩემი აზრით, წარმოუდგენელი და შეურაცხმყოფელია, საზოგადოებას შეასაღო ის ლოგიკა, რომ საქმე გვაქვს რაიმე სახის ჰონორართან. არ შეიძლება იყოს მსგავსი რაოდენობის ჰონორარი ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე“, - აცხადებს მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ "კურიერის" ინფორმაციით, "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს, რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.
საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 მილიონ 279 ათასი რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ტრანზაქცია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 7-ჯერ განხორციელდა. ბოლოს მიღებული თანხა რამდენჯერმე მეტია წინა წლების ჩარიცხვებთან შედარებით.