"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას, სადაც საუბარია"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, შეფასებები მოყვა უმრავლესობაში.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენჯერმე დაარღვია მიცემული პირობა და ბანკს ამ დრომდე არ ჰყავს პრეზიდენტი.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები მისთვის გაუგებარია.
"დღემდე არ ჰყავს ეროვნულ ბანკს თავმჯდომარე, პრეზიდენტი, მაშინ, როდესაც ირგვლივ ამდენი გამოწვევაა. ამიტომ იყო, რომ ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას. გაგვაჩერებინა [ზურაბიშვილმა], გვითხრა შევთანხმდეთო და უნდა წარმოედგინა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ჯერ თებერვალში ველოდებოდით, მერე მარტში, ივნისია ახლა და დღესაც არ ჰყავს წარმოდგენილი.
რატომ აკეთებს ამას ქალბატონი სალომე, ჩემთვის გაუგებარია, მოტივი რა არის, არც ის ვიცი. შესაძლოა, ელოდება, რომ აქ დაიძაბოს თემა, აირიოს... თუ არ გინდა მუშაობა, წადი, კაცო, ვინმე გაძალებს? თუ ხარ, კეთილი ინებე და პატივი ეცი ამ ქვეყანას, მის სუვერენიტეტს და ინსტიტუციებს, ისევ როგორც ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ყველაფერს ვაკეთებთ რომ შევინარჩუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი," - ამბობს ირაკლი ზარქუა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს აქვს აშკარა მცდელობა, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც ოპოზიციის მოსაწონი იქნება.
"არსებობს კიდევ სხვა წინაღობები, წინაღობები, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის მხრიდან არჩეულ ტაქტიკას თუ სტრატეგიას, არ ვიცი რა დავარქვა, როდესაც მას აქვს აშკარად მცდელობა, რომ რაღაც ფორმით მისი გადაწყვეტილებები ისეთი იყოს, რომ მოაწონოს ისინი ოპოზიციას. მხოლოდ ამ კრიტერიუმით როდესაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, ასეთ დროს რასაკვირველია ძალიან ძნელი ხდება მათ შორის ისეთი რისკების დაზღვევა, რომელიც სახელმწიფო აპარატის გამართულ ფუნქციონირებას შეიძლება ემუქრებოდეს. ფაქტია, ხელოვნურად იქმნება ჩიხები და შესაბამისად, ამ ჩიხებს სჭირდება დაძლევა, იმისთვის, რომ სახელმწიფო ფუნქციონირებდეს გამართულად," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.