"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, სადაც საუბარია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით, შეფასებები გრძელდება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.“
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან და პრეზიდენტს მოუწოდებს, წარმოადგინოს კანდიდატურები.
"კანონში იყო ბუნდოვანება, პრეზიდენტის წასვლის შემდეგ ვინ შეასრულებდა მის მოვალეობას. ამიტომ მივიღეთ ახალი კანონი. პირველი პირი თუ ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, მას ცვლის პირველი მოადგილე, თუ პირველი მოადგილეც ვერ ასრულებს, მაშინ საბჭოს წევრები დაავალებდნენ ერთ-ერთ ვიცე პრეზიდენტს. ქალბატონმა პრეზიდენტმა დაადო ვეტო და ჩვენი კანონიდან ამოიღო პირველი ვიცე-პრეზიდენტი და დატოვა ეს მუხლი მარტო. ვეტოში წერია, რომ საბჭო ავალებს ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს. ჩვენ რა საკითხებზეც არ უნდა ვიკამათოთ პოლიტიკურზე, რა დისკუსიაც არ უნდა გვქონდეს, ეს არ უნდა შეეხოს ისეთ ორგანოებს, როგორიც არის ბანკი. იქ ყველაფერი უნდა მიდიოდეს ისე, რომ რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას ასეთი სტრუქტურის მუშაობს. ამიტომ, მე მოვუწოდებ მას, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან და წარმოადგინოს კანდიდატურები," - აცხადებს პაატა კვიჟინაძე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ინფლაციის პროცესებია სამართავი, ვალუტის კურსია სამართავი, მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ვეტო დადებულ კანონთან დაკავშირებით.
"ეროვნული ბანკი საგანგებო მნიშვნელობის საკონსტიტუციო ორგანოა. რასაკვირველია, იგი არ უნდა მუშაობდეს იმ გარკვეული ბუნდოვანი კანონებით, რომელიც ადრე 5-6 წლის წინ იყო მიღებული. საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის პირველი მოადგილე, ანუ ვინ შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, იქამდე სანამ პრეზიდენტი იქნება შერჩეული. მაგრამ, ამავე დროს არის კიდევ ორი ვაკანსია, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს შევსებული და მათ შორის ერთ-ერთი ლაშა ხუციშვილის კანდიდატი დასახელდა, რომლის მიმართ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არა თუ პრეტენზია არ აქვს, საკმაოდ დადებითი განწყობა აქვს. მაშინ, როდესაც ინფლაციის პროცესებია სამართავი, ვალუტის კურსია სამართავი, რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს იმას, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს პარლამენტი ვეტო დადებულ კანონთან დაკავშირებით,“ - აცხადებს გია ვოლსკი.