30 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
15 გრემისა და გინესის ოთხი რეკორდის მფლობელი მომღერალი საქართველოში ჩამოდის - ბრუნო მარსი დინამოზე 1 ოქტომბერს გამართავს

თანამედროვე მუსიკალური სამყაროს მეგავარსკვლავი საქართველოში ჩამოდის. ბრუნო მარსის სტუმრობას დედაქალაქი უკვე ელოდება. გრანდიოზული შოუ - პროგრამა და მსმენელისთვის საყვარელი ჰიტები - ამერიკელი ვარსკვლავი, ბრუნო მარსი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ქართველი მსმენელისთვის პირველად იმღერებს. მუსიკოსი "ბლექ სი არენას" მასშტაბური, ახალი პროექტის ფარგლებში, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.

ბრუნო მარსმა საკუთარი სახელი და შემოქმედება მუსიკალური ჯილდოების ტრიუმფად აქცია. 15 გრემი, 4 Brit Awards, გინესის 4 რეკორდი, ბრუნო მარსი მსოფლიოში პირველი მამაკაცი შემსრულებელია, რომლის გაყიდული სინგლების რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია. უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ვარსკვლავი, მსოფლიომ უკვე აღიარა, როგორც თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტისტი.

პოპი, არენბი, ფანქი, სოული, რეგი, დისკო და როკი - არაერთ განსხვავებულ ჟანრში, სხვადასხვა თაობის მსმენელის საყვარელი არტისტი - ბრუნო მარსი 2023 წლის "სტარრინგ ჯორჯიას" ვარსკვლავურ შემადგენლობას დაასრულებს. დასკვნითი კონცერტის შემდეგ, ორგანიზატორები 2024 წლის მსოფლიო ვარსკვლავების პროგრამაზე მუშაობას იწყებენ.

დინამო არენაზე ბრუნო მარსი ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მსმენელისთვის პირველ ოქტომბერს იმღერებს. საქართველოდან და მსოფლიოდან ბილეთების შეძენა 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი. ამერიკელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრებას 70 000 მდე სტუმარი შეძლებს.

"სტარრინგ ჯორჯიას" ფარგლებში, საქართველოში უკვე არაერთი მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტი დაანონსდა. "ქილერსის" და "იმეჯინ დრეგონსის" შემდეგ, სეზონს ყველაზე დიდი ვარსკვლავი ბრუნო მარსი დახურავს. Starring Georgia - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. თბილისსა და შეკვეთილში თანამედროვეობის უდიდესი არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. კონცერტები Black Sea Arena-ს სცენაზე, შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

დღის ამბები