20 სექტემბერი 2024,   04:02
ვრცლად
"ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელთა ნაწილი კომპანიის მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშო პირობებს არ თანხმდება - ჭიათურაში წარმოება გაჩერებულია

"ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელთა ნაწილი კომპანიის მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშო პირობებს არ თანხმდება, რის გამოც ჭიათურაში წარმოება გაჩერებულია.

კომპანიაში დასაქმებულთა ნაწილი ძველ სამუშაო რეჟიმზე, ანუ 12 საათიან გრაფიკზე დაბრუნებას ითხოვს. ისინი ამ წუთებში ქალაქის ცენტრში არიან შეკრებილები.

"ეს პრობლემა გამოიწვია იმან, რომ კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, არის კრიზისული პერიოდი და კრიზისიდან გამოსავლის გზებს ხედავენ თანამშრომლებისთვის მინიმუმ 40%-ით სამუშაო გრაფიკის გაზრდაში," - აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი სამუშაო გრაფიკი ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისიდან გამომდინარეობს.

"ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, 8 საათიანი სამუშაო რეჟიმის პირობებშიც უცვლელი რჩება ანაზღაურება და ყველა ბენეფიტი.

"ფეროშენადნობების ბაზარზე უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება კრიზისი, რაც აისახება როგორც ფასების, ასევე სარეალიზაციო რაოდენობების კლებაში. აქედან გამომდინარე ერთ-ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ სიტუაციის ოპტიმიზაცია მომხდარიყო, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ შეეთავაზებინა თანამშრომლებისთვის 12-დან 8 საათიანი სამუშაო რეჟიმზე გადასვლა, ამის გარდა მნიშვნელოვნად შევამცირეთ ადმინისტრაციული დანახარჯები.

ეს არის ის აუცილებელი პირობები, რაც კომპანიას მისცემს საშუალებას, რომ ოპერირება გააგრძელონ. დასაქმებულთა ნაწილმა მიუღებლად ჩათვალა ეს პირობები. დღეის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ თვის ჭრილში აბსოლუტურად იგივე რჩება მათთვის ანაზღაურება. უნარჩუნდებათ ყველა ის პაკეტი, რაც ამ წლების განმავლობაში გააჩნდათ," - აცხადებს გიორგი ტატიშვილი.

მხარეებს შორის კონსტრიქციული დიალოგი გრძელდება, პროცეში ჩართულინი არიან პროფკავშირები.

დღის ამბები