15 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ოპოზიცია და მოლოდინები კანდიდატის სტატუსზე - რას ამბობს ზურაბ ჯაფარიძე და რას პასუხობს ოპოზიციის ნაწილს "ქართული ოცნება"

ზურაბ ჯაფარიძე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს არ ელოდება და ამბობს, რომ ოპოზიციური პროტესტისა და ხელისუფლების ცვლილების გარეშე ქვეყნის ევროინტეგრაცია ვერ მოხერხდება. "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის ფორმულა, მმართველი გუნდისთვის ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური სურვილების ლუსტრაციაა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპონენტების მიზანი მხოლოდ დესტაბილიზაცია და ქაოსის სტიმულირებაა.

პოლიტიკურ გეგმებზე სასაუბროდ ზურაბ ჯაფარიძე დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ერთ-ერთ მედისაშუალებასთან გუშინ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების ალბათობა დაბალია, რაც ხელისუფლების ცვლილების წინაპირობად უნდა იქცეს.

ზურაბ ჯაფარიძის მოსაზრებას მისი პოლიტიკური პარტნიორებიც იზიარებენ. ევროკომისიის ნეგატიური გადაწყვეტილება რომ ცვლილებების წინაპირობა უნდა გახდეს, ამაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერიც ღიად საუბრობს. სტატუსზე უარის თქმის შემთხვევაში, გამოსავალს აქციებსა და მთავრობის შეცვლაში ხედავს "სტრატეგია აღმაშენებელიც".

ყოფილი ლიდერისა და თანაპარტიელის პოზიცია დღეს მხოლოდ "გირჩში" არ გაიზიარეს. პოლიტიკურ ცენტრში სტატუსის მონიჭებაზე პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებენ. ამბობენ, რომ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ქართველი ხალხი ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას იმსახურებს.

საბოტაჟი ევროსტრუქტურებში და სტატუსზე უარის მოთხოვნა - ასე ესმით სახელისუფლებო პარტიაში ოპონენტების მოქმედების შინაარსი. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ კანდიდატ ქვეყნად, გასულ წელს, საქართველო დაუმსახურებელი პოლიტიკური მოტივით ვერ იქცა.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. მმართველი გუნდი 12 რეკომენდაციის საკანონმდებლო შესრულებას ივნისის ბოლომდე აანონსებს.

დღის ამბები