15 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
რუსთაველის თეატრში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი შეკრება მიმდინარეობს

რუსთაველის თეატრში საზოგადოებრივი მოძრაობის "საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. კონსერვატიული მოძრაობის ყრილობის მთავარი მიზეზი დამფუძნებლების თქმით, საზოგადოებაში დაგროვილი პრობლემებია, რომელთა გადაჭრის გზებზეც საუბარს სამოქალაქო მოძრაობა დღეს აპირებს.

კონსერვატიული მოძრაობის ყრილობაზე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც მივიდნენ.

კონსერვატიული მოძრაობის წევრებმა და ლიდერებმა რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას სამოქმედო გეგმა და ხედვები გააცნეს.

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა ვატო შაქარიშვილი.

"ამ დარბაზში თქვენი ყოფნა ცხადყოფს, რომ უკიდურესად გაწუხებთ და შეშფოთებული ხართ იმ რეალობით, რაც ჩვენ გარშემო უკვე წლებია, ხდება. იმ რეალობით, რომელშიც თეთრი არის შავად წარმოჩენილი, ყოველგვარი უკუღმართობა არის ნორმად წარმოჩენილი, სამშობლოს სიყვარულს უწოდებენ პრორუსობას და ა.შ. ეს არ არის ჩვენი ლოკალური პრობლემა. მართალია, ჩვენ ჩვენი გვტიკვა, მაგრამ ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან რთული ეპოქა, ყველგან კრიზისებია. აგერ ჩვენ თვალწინ, წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს ომი, რომელსაც არ უჩანს დასასრული და პირიქთ, რჩება განცდა, რომ კონკრეტული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა ეს ომი გახანგრძლივდეს, მასშტაბები გაიზარდოს და იცით, მასშტაბების გაზრდაში იგულისხმებოდა საქართველოც. ვიდრე ეს ომი მიმდინარეობს, ვიდრე მშვიდობა არ დაისადგურებს, ეს საფრთხე არსად წასულა, კვლავ რჩება, კვლავ აქტიურია საფრთხე იმისა, რომ მათ სურთ საქართველოს ომში ჩართვა. ჩვენი მოძრაობა არ არის პერსონალური ან აქ გამოსვლელების, თუნდაც აქ მობრძანებულების. თქვენ ხართ ამ მოძრაობის დამფუძნებლები, ინიციატორებიც, წევრებიც, სახეებიც და სულის ჩამდგმელები. ჩვენი მოძრაობის, ჩვენი სახალხო, საერთო მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება, ქმედითი წვლილი შევიტანოთ ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში და ვთქვათ, რომ საქართველოში არ იქნება არც რევოლუცია და საქართველოში არ იქნება არც ომი“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

დღის ამბები