ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. გვიდიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტიკულ განცხადებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და ეხება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.
გვიდიანის განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. როგორც "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა უკვე უკიდურესად არაკომპეტენტურად იქცევა და ის პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ბანკში ტარდება, დამაზიანებელია საზოგადოებისთვის, ეკონომიკისთვის და ცალკეული ადამიანებისთვის.
"მე საერთოდ მივიჩნევ, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ახლა უკვე უკიდურესად არაკომპეტენტურად იქცევიან და დამაზიანებელია საზოგადოებისთვის, ეკონომიკისთვის და ცალკეული ადამიანებისთვის ის პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ბანკი ტარდება უკვე წლებია. არჩილ მესტვირიშვილი არის ამ გუნდის, ამ პოლიტიკის გამტარებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, ამიტომ მისი დანიშვნის შემდეგ, არც არაფერი შეიცვალა. როგორ ცუდადაც მუშაობდა ეროვნული ბანკი, ისევ ისე ცუდად მუშაობს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდწილად არასწორ რჩევებს გვაძლევს და საერთოდ, ეს ხალხი ქვეყნიდან უნდა გავაგდოთ. მაგრამ, მთავრობაც ეყრდნობა ამ რეკომენდაციებს და იწონებს მათ. ამიტომ, ჯერ მთავრობაში უნდა ჩამოყალიბდნენ საერთოდ როგორ თანამშრომლობენ ასეთ ორგანიზაციებთან, თუ მათი დახმარება და დაფინანსება მათ სურთ, მაშინ უნდა გაითვალისწინონ მათი რჩევები და თუ არ სურთ, მაშინ შეუძლიათ გააგდონ", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.