დისკუსია საკანონმდებლო ორგანოში! - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცნობს.
გიორგი მსხილაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ იყო, ისევე როგორც არ არის საჭიროება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღების.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ პროექტს, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ე.წ. მოტივირებული შენიშვნები კანონის მოქმედი რედაქციის უცვლელად შენარჩუნებას გულისხმობს.
მმართველი უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. პროცედურაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს ოპოზიცია.