"ხალხის ძალა" განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ელჩი "ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს აფინანსებს", შეფასებები მოჰყვა უმრავლესობაში.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, ფლობდეს ინფორმაციას, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს დაფინანსება.
"აქ არის გარკვეული კითხვის ნიშნები დასმული ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. ერთი ნაწილი კითხვების მიემართება ცალკეული ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სიმართლე გითხრათ, ამ საკითხში ნამდვილად ძნელია არ დაეთანხმო ამ განცხადების ავტორებს რომ არის ასეთი კითხვები, ლეგიტიმურია და საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, ფლობდეს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან შეიძლება მოდიოდეს დაფინანსება, რა მოცულობის დაფინანსებაა, რა მიზნით დაფინანსებაა და ა.შ. ეს ბუნებრივია აბსოლუტურად ლოგიკური კითხვებია. რაც შეეხება გაცხადების სხვა ნაწილებს, ამასთან დაკავშირებით რასაკვირველია, ღია საუბრისგან მე მომიწევს თავის შეკავება გასაგები მიზეზების გამო, ამ საკითხების ირგვლივ. ზუსტად ეს იყო მიზეზი ხალხის ძალის ჩამოყალიბების, რომ ისინი საჯაროდ და ღიად საუბრობენ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ ასე ღიად და საჯაროდ არ ვსაუბრობთ," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.