15 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
"მეც მინდა კითხვა დავუსვა ხალხის ძალას, რას ამოიჩემეს ეს ამერიკის ელჩი?" - პაატა მანჯგალაძე 

"ხალხის ძალა" განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის ელჩი "ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს აფინანსებს", შეფასებები გრძელდება ოპოზიციაში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრს, პაატა მანჯგალაძეს "ხალხის ძალის" წარმომადგენლების მიმართ კითხვები აქვს.

"მეც მინდა კითხვა დავუსვა ხალხის ძალას, რას ამოიჩემეს ეს ამერიკის ელჩი? სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში ვითომ არ იყოს, მტერი და საფრთხე იყოს ამერიკა. რატომ არასდროს არ გაგიჩნდა კითხვა პატივცემულო ხალხის ძალის წარმომადგენელო, ვინ აფინანსებს გორჩაკოვის ფონდს, ვინ აფინანსებს პრიმაკოვის ფონდს, ვინ აფინანსებს "სპუტნიკს" საქართველოში, ვინ აფინანსებს "ალტ ინფოს", ვინ აფინანსებს სიძულვილის ჯგუფებს," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე განცხადებას ამერიკის ელჩის მიმართ მორიგ თავდასხმად აფასებს.

"მორიგი თავდასხმა ამერიკის ელჩზე, რომ თურმე მან მანქანები გაუგზავნა ბორჯომში იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ველურების თავდასხმის ობიექტი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს გასაკეთებელი გააკეთა საელჩომ. ეს უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, უნდა გაეკეთებინა პოლიციას და იმ ადამიანების ჯანმრთელობა, რომლებიც სემინარზე იყვნენ, ყოფილიყო დაცული," - აცხადებს რომან გოცირიძე.

დღის ამბები