"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ევროპელი პარტნიორების თხოვნას ანგარიშს გაუწევს და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს დეკემბრამდე აღარ დაამტკიცებს.
კობახიძის თქმითვე, ევროპელმა პარტნიორებმა, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირადად სთხოვეს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ მიეღო.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, "ქართულ ოცნებას" აინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი 12 რეკომენდაციიდან.
"ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საბოლოო, მესამე მომსმენით მიღებას, თუმცა იცით, რომ პრემიერს ბრიუსელში ვიზიტი ჰქონდა, უმაღლეს დონეზე შეხვედრები შედგა, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას. მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით. ჩვენ დაველოდებით ყველა შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიის და ევროსაბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაინტერესებს მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რაც თავისთავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას," - განაცხადა კობახიძემ.