15 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
როგორ აფასებენ პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილს ოპოზიციაში

პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილს ოპოზიციაში აფასებენ.

"ეს რა ბრალდება არის, რომ ის სამედიცინო დასკვნები, ექსპერტიზები, რაც სააკაშვილის მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული და სახალხო დამცველი საუბრობდა ამაზე, მე მოვიფიქრე? მე არ ვარ ექიმი, საერთოდ არ მინდოდა ამ თემის პოლიტიზება. მე ვეყრდნობოდი სახალხო დამცველის კონსილიუმის გადაწყვეტილებას, ვეყრდნობოდი ჯანდაცვის სამინისტროში, ტიკარაძის მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმის გადაწყვეტილებას და რა ვიცი, კარგად არ არის სააკაშვილი, ისევ საპატიმროშია და კარგია, რომ ცოცხალია,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ სამარცხვინოა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის შეფასებებს, ტყუილიდან მიღებულ შედეგს უწოდებს.

"სამარცხვინოა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის შეფასებებს, რეკომენდაციებს და დოკუმენტებს, სადაც 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი უჭერს მხარს, ტყუილიდან მიღებულ შედეგს უწოდებს. თუ "ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, რომ 350 ევროპარლამენტარი დაარწმუნოს იმაში, რომ ეს დოკუმენტი გამოიცეს, რისთვის არის "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი.

"გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი კი აცხადებს, რომ ის სიძულვილის კამპანია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მხოლოდ "ქართული ოცნებიდან" არ მოდის:

"ცხადია, რომ რაღაც გაგებით ეს ისტერია და სპექტაკლი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მეშვეობით და მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ხდებოდა, აზიანებდა ქვეყანას. პოლარიზაცია ხომ მათ შორის ერთადერთი ის პუნქტი იყო, რომელზეც ოპოზიციასაც ჰქონდა დიდ წილად პასუხისმგებლობა და ეს არ იყო მხოლოდ "ქართული ოცნების" ამბავი. ის სიძულვილის კამპანია, რაც ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ხდება და რაზეც ჩვენი პოლიტიკა დგას, მხოლოდ "ქართული ოცნებიდან" არ მოდის, ჩემი კოლეგა ოპოზიციონერებსაც ბევრს წვლილი აქვს ამ ყველაფერში," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები