15 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
"ნებისმიერ ქვეყანაში პრეზიდენტი გადის ხოლმე კონსულტაციებს საპარლამენტო გუნდთან" - პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ჩააგდო

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები "ჩააგდო". მხარდაჭერა ვერც გიორგი ბაქრაძემ და ვერც დიმიტრი ჯაფარიძემ მიიღეს. ბაქრაძის კანდიდატურის მომხრე მხოლოდ 5 დეპუტატი იყო. ასევე, ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი დიმიტრი ჯაფარიძეს.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ კანდიდატებიდან დამაჯერებელი გამოსვლა არც ერთს ჰქონდა და სწორედ ამიტომ არ დაუჭირეს მათ მხარი.

"ერთ-ერთი კანდიდატი ჯაფარიძე არ იყო დამაჯერებელი გამოსვლის დროს და არ გამიჩნდა სურვილი მხარი დამეჭირა, გიორგი ბაქრაძე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველია და წლებია თანაშემოქმედია იმ პოლიტიკის, რის გამოც ათასობით ჩვენი თანამოქალაქე გაღარიბდა, თან მან გამოსვლის დროს არც ერთი შეცდომა არ აღიარა,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები” თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს 2 პროფესიონალი კანდიდატი ჩააგდო ერთადერთი მიზეზით, რადგანაც ისინი სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.

მმართველ გუნდში კი, კანდიდატების ჩაგდების მთავარ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ პრეზიდენტს მმართველ პარტიასთან ამ საკითხზე არავითარი კონსულტაცია არ ჰქონია:

"ნებისმიერ ქვეყანაში, პრეზიდენტი გადის ხოლმე კონსულტაციებს საპარლამენტო გუნდთან, ეს არის ჯანსაღი, ჩვეულებრივი პროცესი. მომავალშიც თუ ასე არ იქნება, ბუნებრივია ჩავარდება ნებისმიერი კანდიდატურა. კითხვები იყო კონკრეტულ კანდიდატებზეც, მაგრამ ეს არ იყო მთავარი, მთავარი აქ იყო ის, რომ არავითარი კონსულტაცია არ ყოფილა,"- აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები