ცვლილებები, რომლითაც ძაღლის ღია სივრცეში, მათ შორის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს, 76-ხმით, ერთხმად მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
მიღებული ცვლილებების თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
ცვლილებების მიხედვით, გათვალისწინებულ იქნა გამონაკლისი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა და გამოფენებზე, შესაძლებელია, ძაღლის საბელის, ან ალიკაპის გარეშე ყოლა.
დღესვე პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დაწესებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიდგომა უნდა შეიცვალოს და ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებით ვქმნით მიდგომას და ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება, რომ პროკურატურამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეძლოს, რომ იშუამდგომლოს მათ შორის პატიმრობის გამოყენებით აღკვეთი ღონისძიების სახით კონკრეტული პირის მიმართ თუ კი ჩადენილი აქვს მას ისეთი სასტიკი მოპყრობა როგორიც არის მაგალითად არასრულწლოვნის თანდასწრებით, საჯაროდ, თუ ამან გამოიწვია ცხოველის დაღუპვა," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.