15 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება სასესიო დარბაზში - ორი საათის განმავლობაში ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს შეკითხვებს უსვამდა, თუმცა მათი უმრავლესობა პასუხების მოსასმენად დარბაზში არ დარჩა

ორი საათის განმავლობაში ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს შეკითხვებს უსვამდა, თუმცა მათი უმრავლესობა პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დარჩა. რეგლამენტის თანახმად ტრიბუნასთან დაბრუნებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოპონენტების ქმედება მათ გაკოტრებულ პოლიტიკურ მდგომარეობას დაუკავშირა და განმარტა, რომ ოპონენტებისგან გასნხვავებით საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია.

პრემიერის ანგარიშის შემდეგ ყველაზე მეტი კითხვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან დაისვა. დეპუტატებმა შეფასებების დროს ბრალდებებიც გააჟღერეს და ხელისუფლება კვლავ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულეს. ოპონენტებს პრემიერმა 2012 წლამდე პატიმრების კუთხით არსებული ვითარება შეახსენა. თქვა ისიც, რომ ჯარის ძარცვით გამდიდრებული კეზერაშვილის პარტია ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება.

"ნაცმოძრაობის" წევრებმა დღეს კრიტიკა ვაზიანის აეროდრომის ნაწილის სამოქალაქო აეროპორტად შესაძლო გადაკეთებაზე და ექსპრეზიდნეტის მიმართ წარმოებულ სისხლის სამარტლის საქმეებზეც გამოთქვეს.

ყოფილ სახელისუფლებო პარტიას და მათ პარტნიორებს ირაკლი ღარიბაშვილმა 2012 წლამდე საკუთარი საქმიანობაც შეახსენა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პასუხების დროს პრემიერ-მინისტრმა საკმაო დრო დაუთმო გენდერის თემა იყო. "გირჩის" კითხვას პრემიერის მხრიდან ვრცელი განმარტება მოყვა. ღარიბაშვილი ლგბტ პროპაგანდას მიუღებლად მიიჩნევს. არ მიესალმება იმ კამპანიას, რომელიც "კოკა კოლამ" აწარმოა. თუმცა მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა შენარჩუნდეს, რადგან ეს ქართველების ტოლერანტობის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

პრემიერის განცხადებას ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით რესპუბლიკელი დეპუტატების მხრიდან ხმაურიანი გაპროტესტება მოჰყვა. დაპირისპირების განსამუხტათ პარლამენტის თავმჯდომარეს ქალი დეპუტატებისთვის სიტყვიერი შენიშვნის მიცემაც დასჭირდა.

ხმაური და დაპირისპირება მოყვა პაატა მანჯგალაძის გამოსვლას. "სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხელისუფლება ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.

ძალადობის ნებისმიერი გამოხატულება პარლამენტის ტრიბუნიდან დაგმო პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა ფაქტზე არსებულ სწრაფ რეაგირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ თავად ძალადობის წამხალისებლებისგან ამ თემით ქულების ჩაწერა არასწორია. პრემიერმა დღეს ფრანკლინის კლუბის ანარქისტულ მისწრაფებებზე და ლაზარე გრიგორიადისის საქმეზეც ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო პოლიციელზე ხელის ყველა აღმართვას უმკაცრესად დასჯის.

ოპონენტების კითხვების ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულებას და დეპოლარიზაციასაც დაეთმო. კრიტიკას პრემიერ-მინისტრამდე დარბაზში უმრავლესობის დეპუტატებიც გამოეხმაურნენ.

პრემიერს კითხვები სანქციების კუთხით ევროკავშირისა და შტატების წარმომადგენლების ვიზიტზე უმრავლესობის წევრებმა დაუსვეს, რასაც მთავრობის მეთაურის მხრიდან, საკითხის განმარტება და ოპოზიციის მორიგი დეზინფორმაციული კამპანიის ჩაშლაზე საუბარი მოჰყვა.

დღეს კითხვა და კრიტიკა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით თორნიკე რიჟვაძის განცხადებასაც მოჰყვა.

პრემიერმა პასუხი "ნაცმოძრაობის" კიდევ ერთ ბრალდებას - ბათუმის უყურადღებოდ მიტოვებასთან დაკავშირებითაც გასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა მილიარდობით ინვესტიციასთან ერთად აჭარის განვითარებაში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის როლზეც გაამახვილა ყურადღება.

დღის ამბები