უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთხოვს.
"სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილს" - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილი საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის უკრაინას გადასცეს.
"დღეს მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა სამწუხაროდ, როგორ კლავს კრემლი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ხელით უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილს.
ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და მიხაილოს უბრალოდ მოკვლას ვერ დავუშვებთ. უკრაინამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ეს დემონსტრაციული აღსრულება. ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც შემოგვთავაზეს სხვადასხვა ვარიანტები მიხაილოს გადასარჩენად.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და შევთავაზოთ უკრაინის დატოვება უახლოეს 48 საათში, რათა კონსულტაციები გაიაროს დედაქალაქთან.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილი გადაიყვანოს უკრაინაში საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის. და მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია, არ დააიგნორონ და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს სიკვდილით დასჯის უფლება, სიცოცხლე ძირითადი ევროპული ღირებულებაა," - განაცხადა ზელენსკიმ.