პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გახსნა განმეორებითი რეგისტრაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. რეგისტრაცია თავდაპირველად 75-მა დეპუტატმა გაიარა და კვორუმის არქონის გამო სხდომა ვერ გაიხსნა, თუმცა რამდენიმე წუთში დეპუტატებმა რეგისტრაცია განმეორებით გაიარეს და სხდომაზე 92 დეპუტატის ყოფნა დაფიქსირდა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე "თავდაცვის კოდექსის" მეორე მოსმენით განხილვა გაგრძელდა.
ხელისუფლების ოპონენტები ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამოა - ამ პოზიციას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს "ქართული ოცნება."
კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს კითხვით მიმართა. ელისაშვილი დაინტერესდა, რამდენი მინისტრის ან დეპუტატის შვილი მსახურობს დღეს გაწვევის სისტემით სავალდებულო სამხედრო სამსახურში.
მინისტრის მოადგილემ კი ელისაშვილს ასე უპასუხა: - "რაც მაქვს ინფორმაცია, ბატონი ალეკო ტაბატაძის შვილს აქვს გავლილი სავალდებულო სამხედრო სამსახური, ბატონი რატი ბრეგაძის შვილს აქვს გავლილი სავალდებულო სამხედრო სამსახური. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სტუდენტის სტატუსი არის გადავადების საფუძველი და აქედან გამომდინარე, სწორედ ამ მიზეზით შესაძლოა ვერ იყოს ბევრი წარმოდგენილი."