19 მაისი 2024,   05:44
ვრცლად
სამი ქვეყნის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე - "კანონიერ ქურდს" აშშ-ში 40 წლამდე პატიმრობა ელის

საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვს უცხოური მედია ე.წ. კანონიერ ქურდად და ქართული მაფიის წევრად მოიხსენიებს. 38 წლის კრიმინალური "ავტორიტეტის" შეერთებულ შტატებში ექსტრადირების გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობამ მიიღო. მძიმე დანაშაულების გამო, მის გადაცემას ერთდროულად სამი ქვეყანა - ამერიკა, საქართველო და ყაზახეთი ითხოვდა. სასამართლომ სამივე ქვეყნის მოთხოვნა დასაშვებად ცნო, საბოლოო სიტყვა კი ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა თქვა. ამერიკაში ემიგრირებული ირანელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების ბრალდებით, ფოლად ომაროვს შეერთებულ შტატებში გაასამართლებენ.

საქმე ამერიკის გენერალური პროკურორის პირად კონტროლზეა აყვანილი. ვაშინგტონში ამბობენ, რომ მასიჰ ალინეჯადი თეირანის რეჟიმის მხრიდან იდევნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გასაჯაროების გამო. ირანელი ჟურნალისტის გატაცება ირანის რევოლუციურმა გვარდიამ წარსულში ერთხელ უკვე სცადა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნით, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობა ირანის რევოლუციური გვარდის დაკვეთით და ქართული მაფიის მონაწილეობით ბრუკლინში იგეგმებოდა. მკვლელი, სახელად ხალიდ მეჰდიევი სამიზნესთან ახლოს იყო, თუმცა შეთქმულება გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩაშალა. კილერი დაკავებულია. მასთან ერთად ამერიკის მართლმსაჯულების წინაშე უკვე წარსდგა საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ე.წ. კანონიერ ქურდი რაფეტ ამიროვი.

მკვლელობების მომზადება უკრაინაში, ყაზახეთსა და საქართველოში - ფოლად ომაროვის ტრანსნაციონალურ დანაშაულთა სია საკმაოდ ვრცელია. 52 წლის მარნეულელი არიფ აზიზოვიც ერთ-ერთია მის სამიზნეებს შორის. კაცი, რომელიც შავი სამყაროს ლიდერებს ღიად დაუპირისპირდა, სოფელ ყიზილაჯლოს ცენტრში ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. მას ხუთი ტყვია ესროლეს. არიფოვი გადარჩა, ქართველმა სამართალდამცველებმა კი ფაქტზე ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ფოლად ომაროვის ახლო ნათესავია. თავად კრიმინალურ ავტორიტეტს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

დღის ამბები