გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს უკრაინის შავი ზღვის პორტებზე რუსეთის თავდასხმებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, შეიძლება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას წარმოადგენდეს, - ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერმა განაცხადა.
მისი თქმით, გენერალური მდივანი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა უზრუნველყოს უკრაინული და რუსული საკვებისა და სასუქების საერთაშორისო ბაზრებზე გატანა, რაც ხელს შეუწყობს გლობალური შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას და სურსათზე სტაბილური ფასების უზრუნველყოფას.
"გაეროს გენერალური მდივანი მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმებს საპორტო ობიექტების წინააღმდეგ. თავდასხმები ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის ვალდებულებას, რომელიც გამტკიცებულია გაეროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმით.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, შეიძლება, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას წარმოადგენდეს. ჩვენ უკვე ვხედავთ ნეგატიურ ეფექტს ხორბლისა და სიმინდის გლობალურ ფასებზე, რაც აზიანებს ყველას, განსაკუთრებით კი დაუცველ ადამიანებს გლობალურ სამხრეთში.
გენერალური მდივანი არ შეწყვეტს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს უკრაინული და რუსული საკვებისა და სასუქების საერთაშორისო ბაზრებზე გატანა, რაც მისი მუდმივი ძალისხმევის ნაწილია გლობალური შიმშილის წინააღმდეგ საბრძოლველად და სურსათზე სტაბილური ფასების უზრუნველსაყოფად,"- აცხადებს სტეფან დუჟარიკი.