07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
"ისეთი ტერორისტები, რომელთაც მსოფლიოს დაპყრობა შესძლებოდათ, არასოდეს ყოფილა და ეს არც კრემლის "გიჟებს" გამოუვათ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგენილია. ბიზნეს ცენტრზე იერიში გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს.

თავდაცვის უწყებამ მომხდარში კიევი დაადანაშაულა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ "აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ორი უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ობიექტებზე ქალაქ მოსკოვის ტერიტორიაზე". ტელეგრამარხები ავრცელებენ კადრებს, სადაც ჩანს, რომ შეტევის შედეგად დაზიანებულია ერთ-ერთ შენობის ზედა სართულები. დედაქალაქის მერი იტყობინება, რომ "ორ არასაცხოვრებელ შენობაზე დარტყმა დაახლოებით 04:00 საათისთვის" მოხდა, არავინ დაშავებულა და არც "სერიოზული ზიანია".

პარალელურად, საჰაერო განგაშის სიგნალი ამოქმედდა ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში. გავრცელდა ინფორმაცია ოკუპანტების მიერ ოდესაზე მორიგი თავდასხმის შესახებ; ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

რუსულ აგრესიასა და ოთხშაბათისთვის დაგეგმილ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე გაამახვილა ყურადღება ტრადიციულ ვიდეო-მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ტაძარი. 1936 წელს ის ბოლშევიკებმა გაძარცვეს და გაანადგურეს. უკვე დამოუკიდებელ უკრაინაში ტაძარი აღადგინეს. ახლა კი ტერორისტები მის დანგრევას ისევ ცდილობენ.

მხოლოდ გუშინ ღამით ოდესაში 50-მდე შენობა დაზიანდა, მათგან 25 არქიტექტურული ძეგლია. ისტორიული ცენტრი. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც იუნესკომ თავის მფარველობაში მიიღო.

დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობა და ეს არის მეორე საკონსულო დაწესებულება ოდესაში, რომელიც რუსული ტერორის შედეგად დაზიანდა. სულ რაღაც სამი დღის წინ, კიდევ ერთმა ასეთმა თავდასხმამ ჩინეთის საკონსულოს შენობა დააზიანა. ისეთი ტერორისტები, რომელთაც მსოფლიოს დაპყრობა შესძლებოდათ, არასოდეს ყოფილა და ეს არც კრემლის "გიჟებს" გამოუვათ. მადლობას ვუხდი ნატოს-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი სხდომის ოპერატიულად მოწვევისთვის,"-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები