19 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
ხელშეკრულებები გაფორმებულია - ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები მკურნალობის კურსს თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში გაივლიან

9 წლის ნინიკო ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის. ირინა სირანაშვილმა შვილი უცხოეთში სამკურნალოდ უკვე წაიყვანა. მოზარდი თურქეთში, ანადოლუს კლინიკაშია. გოგონა პირველი ბენეფიციარია, ვინც ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სრული დაფინანსებით, მაღალტექნოლოგიურ საავადმყოფოში შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

ახალი პროგრამის პირველი პრეცედენტი, ანა ბლიაძე სრულად გამოჯანმრთელებული დაბრუნდა საქართველოში. 12 წლის მოზარდი მკურნალობას ესპანეთის პროტონოთერაპიის ცენტრში გადიოდა. რამდენიმე ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ, თავს უკვე კარგად გრძნობს. დღეს სასტუმრო "რედისონში" გამართულ შეხვედრაზე დედასთან ერთად მივიდა და იმ კლინიკის წარმომადგენლების პრეზენტაციას დაესწრო, სადაც 6 თვე მკურნალობას გადიოდა

საქართველოში თურქეთიდან, ისრაელიდან და ესპანეთიდან პარტნიორი კლინიკების წარმომადგენლები დღეს ჩამოვიდნენ. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის განხორციელებას ხელი მოაწერეს და ოფიციალური ხელშეკრულებაც გაფორმეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა თავისი სამედიცინო დაწესებულებების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და ონკოლოგიის მიმართულებით არსებული პროგრამები წარმოადგინეს

პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს, ქიმიოთერაპიას, სხივურ და პროტონოთერაპიას, ოპერაციულ ჩარევას.
პარტნიორ კლინიკებს შორის, პაციენტების განაწილება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით მოხდება. პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს, ხოლო პროცედურულ საკითხების მოგვარება სოლიდარობის ფონდს დაევალა.

დღემდე ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება ქვეყნის შიგნით და საზღვრებს მიღმა რეფერალური მომსახურებით ხდებოდა. მკურნალობის სრული კურსის გავლისთვის დამატებითი ფინანსების მოძიება თავად ოჯახებს უწევდათ. ონკოპაციენტებისთვის ახალი პროგრამა პრემიერმა აპრილის დასაწყისში დააანონსა. მიზანი 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოზარდებისთვის სრულყოფილი და მაღალი ხარისხის სერვისებისა და მკურნალობის კურსის შეთავაზება იყო. პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ 300 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდება და ბიუჯეტიდან ამისთვის 30 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

დღის ამბები