ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის წარდგენილ ბრალდებასა და საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შორის მმართველი გუნდის მიერ პარალელების გავლებას ოპოზიციაშიც ეხმაურებიან.
"გირჩის" ლიდერი, სანდრო რაქვიაშვილი თვლის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან და "სამართლიანი არჩევნების" შეცდომასთან დაკავშირებით დაკავშირებით დისკუსია უნდა დაიწყოს.
"დასაწყისში ვენდობოდით ჩვენს კოლეგებს, მაგრამ დაახლოებით დეკემბერში ცნობილი იყო, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა. ამაზე დისკუსია არ დაწყებულა, მგონი ეს ცუდია. არ მგონია, რომ ეს სასამართლომდე უნდა მივიდეს, უფრო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია, მაგრამ ვისურვებდი, რომ დისკუსია დაწყებულიყო იმაზე, რაც მოხდა 2020-ის არჩევნების დროს", - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.
"ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოსყიდვა, ძალადობა, შემაჯამებელი ოქმების გადაწერა არის "ქართული ოცნების" ხელწერა და ვინც ამას აფიქსირებს, წერს საჩივარს, ინფორმაციას უზიარებს საერთაშორისო საზოგადოებას, მათთვის არის პრობლემა და სამიზნე.
2020-2021 წლების არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი და იმავე სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებს არავინ აღიარებს", - განაცხადა ფარულავამ.