15 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
დღეს არის ერთიანობის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დრო - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედია, რომელსაც იზიარებს ყოველი ჩვენი მოქალაქე.

"მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მინდა იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები ცოცხლები აღმოჩნდებიან. ეს ტრაგედია ქვეყნისთვის, სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც იზიარებს ყოველივე ჩვენი მოქალაქე. ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ყველა ჩვენი შესაძლებლობებით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რათა გადალახონ ეს გაუსაძლისი პერიოდი მათი ცხოვრების.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს, ყველა იმ მოქალაქეს, რომელთაც ადგილზე რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, რათა გადარჩენილიყვნენ ის ადამიანები, ვინც გადარჩნენ.

ჩემი ადმინისტრაცია და მე პირადად ვუცხადებთ სოლიდარობას, სოლიდარობას ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, ყველა უწყებას, რომელიც იქ არის ჩართული, მთავრობას, დღეს არის დრო ერთიანობის და ერთად ამ ტრაგედიის გადალახვის. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე, პირადად ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. ჩვენ თვითონაც ვნახავთ მომავალ დღეებში, რა კუთხით შეიძლება, ჩვენი როლი და წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მაშველებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

"მათი როლი არ დასრულებულა და ძალიან რთული ამ პირობებში მუშაობა. ვიცით, რამდენად შეუძლიათ მათ ამ რთულ პირობებში ყველაფერი გააკეთონ, რათა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ. ასევე, მინდა, მადლობა მოვახსენო ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც დღეს უკვე გამოაცხადა სოლიდარობა ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. მოვისმინე პრემიერისგან, რომ სხვა ქვეყნებისგან დახმარება ჯერ არ არის საჭირო. თუ ეს საჭიროება გამოჩნდა, ასევე მზად ვარ, თუ ჩემი როლი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა, ამაშიც მივიღო მონაწილეობა. ჩვენ ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ ერთად და ვიქნებით ერთად," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები