19 სექტემბერი 2024,   19:24
ვრცლად
"მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი" - თემურ მღებრიშვილი

შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან 6 დღე გავიდა. სამძებრო ოპერაცია ამ წუთებშიც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 8 ლოკაციას დღეს ახალი წერტილები დაემატა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სამხედროებიც მუშაობენ.

მაშველებმა დღეს სტიქიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი, მე-19 ადამიანის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ასევე ნაპოვნია მე-20 ადამიანის ცხედრის ფრაგმენტი. 

გარდა ამისა, მოხერხდა დამატებით ორი ცხედრის იდენტიფიცირება, ისინი დედა-შვილი არიან, 20 წლის და 49 წლის მოქალაქეები.

"მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ეს ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და მიმდინარეობს ამ ეტაპზე კონკრეტულ ლოკაციებზე დამატებითი მობილიზება, რომ უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოვოთ ძებნის არეალი. მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენება ამ დროისთვის. 

გარდა ამისა, დღეს უკვე 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, თავდაცვის სამინისტროს მიერ მივიღეთ გარკვეული სპეციალური აღჭურვილობა, რის საშუალებითაც ხდება ტერიტორიების დათვალიერება მეტალის აღმოჩენის მიზნით, მანქანის ფრაგმენტების და თვითონ მანქანის საძიებო მიმართულებით," - აცხადებს თემურ მღებრიშვილი. 

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო საუშაოები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. მოწყობილია დროებითი ხიდები.

ადგილზე, 24 საათის განმავლობაში მაშველებთან ერთად მუშაობენ სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ეროვნული გვარდია. ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის სამინისტროს მძიმე ტექნიკა. 

დღის ამბები