07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
რა ღირს ახალშობილი -  საბერძნეთში, უკანონო სუროგაციისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაწყებულ გამოძიების მასალებში, საქართველოს ორი მოქალაქე ფიგურირებს

ქართველი ექიმი მაია ჩაკვეტაძე ერთ-ერთია, რომელიც საბერძნეთში დაწყებული გამოძიების მასალებში ფიგურირებს. კუნძულ კრეტაზე სუროგაციის ცენტრში ჩატარებული რეიდის დროს ის არ დაუკავებიათ, თუმცა ბრალი ოფიციალურად წარედგინა. უკანონო სუროგაციისა და სავარაუდო ტრეფიკინგის საქმეზე სულ რვა პირია დაკავებული. მათ შორის ქალაქ ხანიაში მდებარე კლინიკის დამფუძნებელი, ექიმები და შუამავლები.

მაია ჩაკვეტაძე, რომელსაც ბერძნული გამოძიება დანაშაულებრივი ქსელის ერთ-ერთ რგოლად ასახელებს, საქართველოში სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელია. რეგისტრაციის მისამართზე კურიერის გადამღებ ჯგუფს არავინ დახვდა. გვითხრეს, რომ დაწესებულებამ მისამართი შეიცვალა. სუროგაციის ცენტრში არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხეს. ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციით კი ვიგებთ, რომ ცენტრი მსურველებს მრავალმხრივ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის სუროგაციას დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებით. თავად მაია ჩაკვეტაძის შესახებ კი ასეთ ჩანაწერს ვკითხულობთ:

"მაია ჩაკვეტაძე-კომპანიის დამფუძნებელი 2011 წლიდან ეწევა აღნიშნულ საქმიანობას და მისი თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება სუროგაციისა და დონაციის სფეროში კომპანიის წარმატების გარანტია. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს იმ უშვილო წყვილთა გაბედნიერება, რომლებსაც მკურნალობისა და უიმედობის წლები აქვთ გამოვლილი, კომპანიის მთავარ ფუნდამენტს ჩვენი გამოცდილება და წარმატების მაჩვენებელი წარმოადგენს", - აღნიშნულია ჩანაწერში.

ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, უკანონო სუროგაცია და ქალებისთვის კვერცხუჯრედის ამოღება, დანაშაულებრივ ქსელს დიდ სარგებელს აძლევდა. სუროგაციის საშუალო ფასი 70-დან 100 ათას ევრომდე მერყეობდა, ზოგ შემთხვევაში კი 120 ათას ევროსაც აღწევდა. ბერძნული მედიის ცნობით, ბავშვებს ყალბი საბუთებით სხვადასხვა ქვეყანაში უშვილო, მათ შორის ერთსქესიან წყვილებზე ყიდდნენ.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქსელში ყველას თავისი როლი ჰქონდა. საქართველოს მოქალაქეს სხვებთან ერთად სუროგატი დედების მოძიება ევალებოდა, ნაწილს მათი სასტუმროში დაბინავება და შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფა, უშუალოდ სამედიცინო მანიპულაციას კუნძულ კრეტაზე ცნობილი ექიმ-გინეკოლოგი უზრუნველყოფდა, რომელიც ასევე ბრალდებულთა შორისაა.

საქმეში ფიგურირებს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. ახალგაზრდა ქალი, რომელიც საბერძნეთიდან რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა, სავარაუდოდ, თავადაც დონორი იყო, რის შემდეგაც ქსელმა ის შუამავლის პოზიციაზეც დაასაქმა.

ცნობილია, რომ საბერძნეთში სუროგაცია ლეგალურია მხოლოდ დაქორწინებული ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის, თუმცა ბერძნული გამოძიების ინფორმაციით, გახმაურებულ საქმეში იკვეთება ჩვილებით ვაჭრობის, ქალების ექსპლუატაციის, თაღლითობის და დოკუმენტაციის გაყალბების კვალი.

დღის ამბები