შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე, ოპოზიციაში დაპირისპირებაა - ისმის ურთიერთბრალდებები.
"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას მხარს არ უჭერს გიორგი გახარიას გუნდი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" შოვში მომხდარ ადამიანურ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რაშიც ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.
"ერთი მხრივ, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ ადამიანური ტრაგედია, მაშინ, როდესაც დაკარგულები ჯერ ნაპოვნი არ არიან, მაშინ როდესაც გარდაცვლილები ჯერ მიწას არ მიგვიბარებია, ამ დროს ეს ადამიანური ტრაგედია გამოიყენოს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. მეორე მხრივ, "ოცნება" კიდევ უფრო უარესი, ცდილობს ეს მავნებლური მოქმედება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, გამოიყენოს თავის პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად.
ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მივიღოთ მონაწილეობა და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ჩვენ სწორედ ამიტომ არ ვუჭერთ მხარს, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.