19 სექტემბერი 2024,   19:30
ვრცლად
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ქეთევან დუმბაძის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნეს - წერილს ხელს 95 ხელოვანი აწერს

კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ქეთევან დუმბაძის მხარდამჭერი წერილი დღეს გამოაქვეყნეს, დარწმუნებულები არიან, რომ მწერალთა სახლის ახალი ხელმძღვანელი ახალ თანამდებობაზე საკუთარი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, არაერთ სიახლეს დანერგავს.

განცხადებაში, 95 ხელმომწერი ხელოვანი იმ წვლილზეც საუბრობს, რომელიც დუმბაძემ კულტურის სფეროს განვითარებაში შეიტანა. იხსენებენ პროექტებს, რომელიც მან დანერგა - მათ შორის, "ცოცხალი წიგნები", "მწერლის თეატრი", ლიტერატურული კონკურსები და არაერთი სხვა. წერილზე ხელმომწერი ხელოვანები დარწმუნებულები არიან, რომ ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლში პოლიტიკისგან დაცლილ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ქეთევან დუმბაძეს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მათი კრიტიკული განცხადება, მწერალთა სახლის ახალი ხელმძღვანელის მიმართ, ჯერ კიდევ წინა კვირას გამოქვეყნდა. ხელოვანების ეს ნაწილი ფიქრობს, რომ ქეთევან დუმბაძეს წარმატებულ სამომავლო საქმიანობაში მისი პოლიტიკური წარსული ხელს შეუშლის.

თავად ქეთევან დუმბაძე მედიასთან არ საუბრობს. მისი მხარდამჭერი ხელოვანები კი ამბობენ, რომ ყველა იმ კრიტიკას, რაც მწერალთა სახლის ახალი ხელმძღვანელის მიმართ ბოლო პერიოდში ისმის, პასუხს თავად ქეთევან დუმბაძის საქმიანობა გასცემს.

ქეთევან დუმბაძე, მწერალთა სახლის დირექტორად კულტურის მინისტრმა წინა კვირას დანიშნა. ის ახალ თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად 4 სექტემბრიდან შეუდგება. ქეთევან დუმბაძემდე თანამდებობას, ნატა ლომოური იკავებდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა.

დღის ამბები