მმართველ გუნდში ამერიკის ელჩის, განცხადებებს გამოეხმაურნენ. კელი დეგნანმა, რომელიც დიპლომატიურ მისიას ასრულებს, შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი კითხვა ელექტრონულ არჩევნებს უკავშირდებოდა. ელჩმა გაიმეორა, რომ მსგავსი სისტემით კენჭისყრა არ არის ასი პროცენტით დაცული. თქვა ისიც, რომ 2020-21 წლის არჩევნებისთვის არავის უწოდებია სამართლიანი ეუთო/ოდირის ანგარიშში.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ძალიან ბევრი პარტნიორის რეკომენდაცია იყო, რომ საქართველოში ელექტრონული სისტემით ჩატარებულიყო არჩევნები.
შემოღებულ იქნა ისეთი სისტემა, რომელიც სათავეშივე გამორიცხავს ყველანაირ გარე ტექნიკურ ჩარევას საარჩევნო პროცესში.
"ჩვენ, ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით, საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ოქროს შუალედს მივაგენით. შემოვიღეთ იმგვარი სისტემა, რომელიც სათავეშივე გამორიცხავს ყველანაირ გარე ტექნიკურ ჩარევას საარჩევნო პროცესში. ის, რომ საქართველოში ბევრს უნდოდა ელექტრონული სისტემით ჩატარებულიყო არჩევნები, ეს უდავოა. რა თქმა უნდა, მათ შორის პარტნიორებსაც. ძალიან ბევრი პარტნიორის მოთხოვნა იყო ამ სისტემაზე გადასვლა. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე, ფაქტობრივად ყველა მოთამაშე ამას მოითხოვდა. მინდა ქალბატონ ელჩსაც და ბევრ ჩვენს ოპონენტს შევახსენო, რომ ამ ტერმინს ეუთო/ოდირი დიდი ხანია აღარ იყენებს, სხვათა შორის, არც შეერთებული შტატების ბოლო არჩევნები შეუფასებია ასეთად. თქვენ შეგიძლიათ ეუთო/ოდირის დასკვნა ამოიღოთ, რომელიც მის ვებ გვერდზე დევს შეერთებული შტატების არჩევნებთან დაკავშირებით. ამოიღოთ ყველა სხვა არჩევნების ანგარიშები სხვადახვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსი. ანუ, ამ ტერმინს აღარ იყენებს ეოთო/ოდირი,“ - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.
განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
"სამართლიან კონტექსტში, არ მახსოვს ეუთო/ოდირს გამოყენებული ჰქონდეს არჩევნების დროს. აქ არის სიტყვა კონკურენტუნარიანი, როდესაც ყველა პოლიტიკურ ჯგუფს აქვს თავისის პოზიციის საზოგადოებისათვის მიწოდების საშუალება, აქ არის შეფასებული საარჩევნო კომისიების და საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალი პროფესიონალური დონე შეფასებული საკმაოდ დადებითად. ამ მხრივ, ეუთო/ოდირის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ ამ არჩევნებმა მაღალი ევროპული სტანდარტებით ჩაიარა,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი.