15 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
რა დროშიც არ უნდა იყოს ეს გაწერილი, შემჭიდროებულ ვადაში თუ ა.შ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტად დავუახლოვდეთ ევროპას - მამუკა მდინარაძე

ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიუხედავად სხვადასხვა განცხადებებისა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ევროპას მეტად დაუახლოვდეს.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი და საქართველოს ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

"ცოტა დამაბნეველიც იყო, რომ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გზავნილებია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, ამას მნიშვნელობა აქვს იმასთან დაკავშირებით, რამდენად პოზიტიური მოლოდინი უნდა ჰქონდეს არამარტო საქართველოს, არიან კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც დიდი ხანია, 10 წელზე მეტი დროა გასული, რაც ელოდებიან მოლაპარაკებების დაწყებას და მათთვის ასევე ბუნდოვანი რჩება თარიღი. 2030 წელი ცოტა შორი პერსპექტივაა, მაგრამ უფრო ბუნდოვანია, როცა ევროპისა და ევროსტრუქტურების აღმასრულებელი რგოლი ამბობს, რომ ესეც არ არის სწორი.

მიუხედავად ამისა, საქართველომ, რა დროშიც არ უნდა იყოს ეს გაწერილი, შემჭიდროებულ ვადაში თუ ა.შ., ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტად დავუახლოვდეთ ევროპას. ჩვენი გაცხადებული, კონსტიტუციური მიზანი და ქართველი ხალხის სურვილია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ევროპული ღირებულებებით, ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებებით და არა მის გარეშე, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს წარმოუდგენია ეს. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი. საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

მაშინ, როდესაც სინათლის სხივი გამოჩნდა და შეიძლება ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ და ეს ჩვენმა ოპონენტებმა დაინახეს, აი აქ ატყდა პანიკა. 2 ჯგუფად გაიყვნენ, ერთი, რომელიც ისევ ცდილობს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ არ მიიღოს და ამაზე ააგონ წლევანდელი შემოდგომა-ზამთრის გეგმები. მეორე, ასევე ცდილობს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამაზე ააგონ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებული თავიანთი გეგმები. საერთო ამ 2 ჯგუფს შორის არის მიზანი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ან არ ვერ მიიღოს, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში მათ გეგმები უქრებათ, ენგრევათ და ნიკა გვარამია ამ შემთხვევაში აღმოჩნდა იმ ჯგუფში, რომელიც შედარებით პრაგმატულად ფიქრობს, რომ წელს კანდიდატის სტატუსის არ მიღება, ხელისუფლებას ვერ ააყირავებს. მაგრამ ერთი მთავარი ავიწყდებათ, რომ დიახ, ქართველი ხალხის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაშია "ქართული ოცნება". დიახ, ქართველი ხალხის დამსახურებაა ის, რომ ეს ქვეყანა ამ სპეკულაციების გარეშე მიდის ევროპული ოჯახისკენ," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვს, ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილე დანა სპინანტმა განაცხადა, რომ ევროკომისია არ ეთანხმება შარლ მიშელის იდეას 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების თარიღის დათქმაზე.

დღის ამბები