15 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
უკეთესი იქნებოდა, ევროკავშირს ჰქონდეს უფრო მკაფიო, დროში გაწერილი გეგმა კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანების კუთხით, ჩვენთვის მთავარია, თანმიმდევრულად ვიაროთ წინ ევროპისკენ - ირაკლი კობახიძე

უკეთესი იქნებოდა, ევროკავშირს ჰქონდეს უფრო მკაფიო, დროში გაწერილი გეგმა კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანების კუთხით, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის მთავარია, თანმიმდევრულად იაროს წინ, ევროპისკენ.

"მიშელმა დაასახელა კონკრეტული წელი გაწევრიანებისა – 2030 წელი, რაც იძლეოდა ოპტიმიზმის საფუძველს, სულ მცირე, ბალკანეთის ქვეყნებისთვის. იცით, რომ მაკედონია, უკვე 18 წელია, ელოდება გაწევრიანებას, 18 წელია, მაკედონია არის კანდიდატი ქვეყანა, თუმცა დღემდე არ განიხილება აქტიურად მისი გაწევრიანების საკითხი. 2030 წელი როდესაც დასახელდა, ეს იყო ალბათ მაკედონიისთვის, სერბეთისთვის, მონტენეგროსთვის იმედის მომცემი განცხადება, თუმცა მოგვიანებით ევროკომისიამ ესეც უარყო და აღნიშნა, რომ 2030 წელზე საუბარიც არასწორია. როდესაც ქვეყანა 18 წელი ელოდება გაწევრიანებას და მას ეუბნები, რომ შვიდი წლის თავზეც კი შეიძლება არ მოგენიჭოს წევრის სტატუსი, ეს, რა თქმა უნდა, პესიმიზმის საფუძველს იძლევა, რაც ძალიან ცუდია. უკეთესი იქნებოდა, ევროკავშირს ჰქონდეს უფრო მკაფიო, დროში გაწერილი გეგმა კონკრეტული ქვეყნების გაწევრიანების კუთხით. ოპოზიცია ყოველთვის სპეკულირებს. სინამდვილეში,
ჩვენთვის მთავარია, რომ თანმიმდევრულად ვიაროთ წინ, ევროპისკენ. ამისთვის გვჭირდება შესაბამისი რეფორმების განხორციელება, ეკონომიკური ზრდა. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი, ესაა ჩვენთვის მთავარი და იმ სპეკულაციებზე პასუხი, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ამასთან, ამავე თემაზე 29 აგვისტოს განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა, დანა სპინატმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორიენტირებული არ არიან ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე.

დღის ამბები