20 სექტემბერი 2024,   05:10
ვრცლად
მეტადონის პროგრამიდან მოპარული და უკანონოდ გასაღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი - დაკავებულია ქობულეთის ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექთანი და პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარი

ქობულეთში "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ცენტრი" პოლიციამ დალუქა. სამედიცინო დაწესებულებიდან მოპარულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკები, რომელსაც კლინიკის მთავარი ექთანი თანამზრახველთან ერთად უკანონოდ ასაღებდა. ცენტრი მეტადონის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურებას 860 ნარკოდამოკიდებულს უწევს, თუმცა ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი ადრესატებამდე არ მიდიოდა. როგორ ქრებოდა სახელმწიფო პროგრამიდან დიდი ოდენობით მეტადონი - ამ კითხვაზე "ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ცენტრში" საუბარი არ ისურვეს.

54 წლის ექთანი, ელენა ბონევა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ცენტრში" რამდენიმე წელია მუშაობს. ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით ახლა ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ადვოკატი ამბობს, რომ დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთანაც თანამშრომლობს. ბრალდებულის ოჯახში კი ამბობენ, რომ დანაშაულის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.

ის, რასაც არ ამბობს ოჯახი კარგად ჩანს საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეო ჩანაწერში. ოპერატიულ მასალაში ნაჩვენებია, თუ როგორ საღდებოდა უკანონოდ მეტადონი ნარკომანიის პრევენციის ეროვნული ცენტრიდან. მამაკაცი, რომელიც ამ კადრებში ფიგურირებს, პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია, რომელსაც სავარაუდოდ ელენა ბონევა, ნარკოტიკებს რეალიზაციის მიზნით ფარულად გადასცემს.

ბრალდებულების სახლების და სამუშაო ადგილების ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებით სავსე 23 შპრიცი და 2,5 ლიტრიანი მეტადონის ხსნარი. კლინიკის მთავარი ექთანი ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის. საბოლოო განაჩენს ციხის გარეთ დაელოდება დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მამაკაციც, რომელიც სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დღის ამბები