ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების სამუშაო პროცესში ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად იმუშაოს.
მისი განცხადებით, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს. გარდა ამისა, როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად, არა მარტო იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, არამედ იმისთვის, რომ მოქალაქეების ყოველდღიურობა უფრო უკეთესი გახდეს.
"სამი ძირითადი გზავნილი მაქვს თქვენთან და ქართველ ხალხთან. ჩემი ამ ვიზიტის პროცესში პირველი გზავნილი ის გახლავთ, რომ უეჭველია, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და ჩამომეტანა ეს გზავნილი, პირადად ჩამომეტანა ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში, დავინახე ასეთი ძლიერი სულისკვეთება ქართველი ხალხის, 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს შთამბეჭდავი რიცხვია, მარგამ, ეს არა მარტო რიცხვია, მე ძალიან მიხარია რომ ვხედავ ბევრი ევროპული დროშა რომ ფრიალებს საქართველოს ქუჩებში. უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ბრიუსელში.
ბატონო პრემიერო, თქვენ ნამდვილად ბრძანებთ და გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას. ასევე, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან, უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლური სულისკვეთება უნდა ჰქონდეს უმცირესობას. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა.
რაც შეეხება მთავრობას და მმართველ პარტიას, ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს. ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისათვის, ერთად უნდა იმუშაოთ, იმიტომ, რომ შემდეგი ნაბიჯები ევროპეიზაციის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე და შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად.
ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი, 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ ეს უკვე განვაცხადეთ ჩვენს დასკვნაში. ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დანარჩენი 9 შესასრულებელია. თუმცა, დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის მისაღწევად არ არსებობს. ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი, გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი. ჩემი გამოცდილებით, მინდა გთხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად, არა მარტო იმისათვის რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება ქვეყანამ აიღოს," - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.