ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. როგორც ბორელმა თქვა, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოსთან ერთად დგომას და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები.
"ჩემი მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. დღეს ყველაზე ძლიერია ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში.
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთად დგომას და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით, ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და მონიტორინგის მისია ევროკავშირიდან, რომელიც ქვეყანაში უკვე 15 წელია მუშაობს. ამ 15 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მისია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში.
ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ სასაზღვრო ზონაში მე პირადად მექნება შესაძლებლობა ჩავიდე და ვნახო ადგილზე სიტუაცია და ამ მისიის ოფისსაც ვეწვიო. და ბოლოს, მე ასევე მიხარია იზრდება ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი გაქვთ შეტანილი მსოფლიოში ამ მიმართულებით, თქვენს მხარეს ვართ, რომ თავდაცვის ძალები გაძლიერდეს ქვეყანაში, ევროკავშირის მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში, ამისათვის დაფინანსებაც არის გამოყოფილი. ეს გადამწყვეტია სწრაფი რეაგირებისთვის და სიცოცხლის გადარჩენისთვის, ამას აპრილში და მომდევნო თვეებში განვაცხადებთ.
ბატონო პრემიერ-მინისტრო და საქართველოს მოქალაქეებო, მე ვასრულებ ჩემს გამოსვლას სიტყვით, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს იმედი ევროკავშირის მხარდაჭერის, ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპეიზაციის გზაზე. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ და ამისათვის ჩვენ ყველა მხარდაჭერას მოგაწვდით, რაც საჭირო იქნება," - აცხადებს ჯოზეფ ბორელი.