20 სექტემბერი 2024,   04:08
ვრცლად
სტიქია გურიაში - ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ამ დრომდე ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა მუშაობს

82 წლის ქალის ცხედარი სოფელ სილაურში, დამეწყრილი სახლიდან ამოასვენეს. კლდიდან ჩამოშლილი მიწის მასა იმდენად დიდი იყო, რომ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას რამდენიმე საათი დასჭრიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოხუცი სახლში მარტო იყო და სტიქიას თავი ვეღარ დააღწია.

ჯიხანჯირში, დამეწყრილ სახლში მაშველებმა 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს . გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს სტიქიის დროს სახლის დამხმარე ნაგებობაში ეძინა, რადგან სტუმრად მყოფი თანატოლები, ღამის გასათევად საკუთარ ოთახში დატოვა. დაღუპულის მეგობრები და ოჯახის წევრები, მეწყერს გადაურჩნენ.

სტიქიას ემსხვერპლა 13 წლის ბიჭი. თორნიკე ჩხარტიშვილი, სოფელ ჯუმათში მამასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა ღვარცოფმა მოზარდი გაიტაცა. მაშველებმა არასრულწლოვანის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრში იპოვეს.

დამეწყრილი სახლები, წყლით დაფარული გზები, დანგრეული შენობები, მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა –  გადაუღებელ წვიმას ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში სტიქია მოჰყვა. განსაკუთრებით რთულია ვითარება ჯუმათში, სუფსაში, ჯიხანჯირში, ჩოჩხათში, მამათში, ხორეტსა და ნინოშვილშია.

ადგილობრივებს დაეტბორათ ეზოები, სახნავ-სათესი მიწები, დაეხოცათ შინაური ცხოველები და ფრინველები. მოვარდნილმა ნიაღვარმა სახლების პირველ სართულებშიც შეაღწია. მოსახლეობას გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ინვენტარიც. ზოგიერთ დასახლებაში, ეზოში დაგუბებული წყალი ერთ მეტრზე მეტი იყო.

გურულებს მსგავსი მასშტაბის სტიქია არ ახსოვთ. ჰყვებიან, რომ წვიმა მოულოდნელად დაიწყო და დიდხანს გაგრძელდა. ადგილობრივებმა "კურიერთან" გუშინდელი რამე გაიხსენეს, თქვეს რომ უხვი ნალექის გამო ეზოებში მიწას ნაპრალები გაუჩნდა, დაიბზარა კედლები და გადაადგილებაც საშიში გახდა.


სტიქიამ გურიაში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. ადიდებულმა მდინარეებმა, ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი შიდა გზები ჩახერგა. ოფიციალური ინფორმაციით, მოსახლესთან კავშირი ახლა უკვე აღდგენილია და მათ უსაფრო ადგილას გადასაყვანად, მაშველები ინტენსიურად მუშაობენ.


ადიდებულმა მდინარეებმა ცენტრალური გზებიც დააზიანა. მდინარე ლესას კალაპოტიდან გადმოსვლამ დროებით შეაჩერა ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება, სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთისა საავტომობილო მონაკვეთზე. იყო შემთხვევები, როდესაც მოვარდნილი ნიაღვრის გამო, მძღოლები მანქანებიდან გადმოვიდნენ და გზა ვეღარ განაგრძეს.

ამ დროისათვის, დაწყებულია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე ჩამოსული მიწის გაწმენდა. ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, კვლავ აკრძალულია.

გურიაში, ყველა რთულ მონაკვეთზე ამ დრომდე მეხანძრე-მაშველები, სამართალდამცველები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელიც. თემურ მღებრიშვილის თქმით, ცხელ ხაზზე 400-ზე მეტი შეტყობინებაა შესული, თითოეულ მათგანზე რეაგირება დაუყოვნებლივ ხდება. სტიქიის ზონაში, 200 მეხანძრე–მაშველი მუშაობს.

სტიქიის ზონაში მუშაობენ გეოლოგები და ჰიდროლოგები. სპეციალისტები მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს სწავლობენ. ადგილზე, პრემიერის დავალებით დილიდანვე გაემგზავრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

სტიქიის ეპიცენტრში ჩავიდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც. მამუკა მდინარაძე ადგილზე გაეცნო მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს , მოგვიანებით კი ადგილობრივებს შეხვდა.

სტიქიის მასშტაბების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. მათივე უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციების მითითებებს.

ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ამ დრომდე ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა მუშაობს. მოსახლეობისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

 

დღის ამბები