სპეკულაცია და დეზინფორმაცია - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის პრეტენზიებს პრემიერის მიმართ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი საჭიროებისათვის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა და ხარჯებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია დეკლარაციაში იქნება ასახული.
"პირველ რიგში, მოიკითხონ რა სახსრებიდანაა გაღებული შესაბამისი ხარჯი, არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. აქაც ცდილობენ, რომ გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ეს არის, რაღაცნაირი, უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი ამ ყველაფერს, რეალურად, არ აქვს.
ეს ხალხი აბრალებდა სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას. საკუთარი კეთილდღეობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხომ ხვდებით, რამხელა სპეკულაციასთან გვაქვს საქმე,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ასახული.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, პრემიერის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს პარტია "ლელო," "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.