"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს. მისივე განცხადებით, ოპოზიციის მცდელობა წამოიწყოს პრემიერის იმპიჩმენტი არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყებული პროცედურის გადაფარვის მცდელობა.
"ეს არის მიზანმიმართული, ბინძური კამპანია პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი განცხადებები გაკეთდა აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები. პირდაპირ მთავრობის მხრიდან განცხადებაც იყო გაკეთებული, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს რეალურად რომ შევხედოთ, ეს არის უბრალოდ იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, რომელიც დღეს აქტუალურია, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის იმპიჩმენტზეა საუბარი. ჩვენ, სამწუხაროდ, უნდა გავიხსენოთ წლები, როდესაც პირადი მიზნებისთვის ხდებოდა საქართველოს ბიუჯეტიდან თანხების დახარჯვა, ეს იყო კონკრეტული თანამდებობის პირების მეუღლეების დაბადების დღეები, საყვარლებისთვის საჩუქრები საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა,"- აცხადებს კახა კალაძე,
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის გამო, პრემიერის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვს პარტია "ლელო," "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.