მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის დასუსტებაზე საუბრობს. ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან წერილობით ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციით ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია.
სააკაშვილის ეს განცხადება უკვე გააკრიტიკეს კოლეგა პარტიებში, მათ შორის, ალიანსში მყოფმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ამბობს, რომ არ ეთანხმება ყოფილ პრეზიდენტს და ფიქრობს, რომ მას მოძველებული ინფორმაცია აქვს.
"მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, რადგან ეს ცოტა ძველი ინფორმაციაა. ბოლო ვიზიტების შემდეგ ქართულ ოპოზიციაზე წარმოდგენა აბსოლუტურად შეცვლილია. არ ვიცოდი, თუ მასთან ძველი ინფორმაცია იყო შერჩენილი. ამასთან დაკავშირებით მივაწოდებ დამატებით ინფორმაციას," - აღნიშნა სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა კი სააკაშვილის განცხადებაში მთავარი აქცენტი სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით დაინახა.
"ბატონი სააკაშვილი სავარაუდოდ, საკუთარ პარტიაზე საუბრობს, "ნაციონალური მოძრაობის" სისუსტეზე, რომელიც ფაქტია, რომ რამდენიმედ არის დაშლილი. გამოწვევები ჩვენს გუნდსაც ძალიან ბევრი აქვს. საზოგადოებას გავახსენებ, რომ IRI-ის ბოლო კვლევებით, ამომრჩევლის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მათთვის "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" პრინციპულად მიუღებელია,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური.
"ზოგადად ალბათ რაციონალური ამბავი იქნებოდა, რომ პირველ რიგში საკუთარი გუნდი ეგულისხმა, რადგანაც მისივე მეცადინეობით ის ითვლება აქამდე მთავარ ოპოზიციად და რომ არ არის ფორმაში ამას ქვეყანა ხედავს.
მიხეილ სააკაშვილის წვლილიც არის ამაში ზოგადად. მან ქართული ოპოზიციის გაუბედურებაში თავისი წვლილი მიიღო, როგორც თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და ასევე იმით, რომ საკუთარი მედია დაახშო განსხვავებულად მოაზროვნე ხალხისთვის და ყველა იდეისთვის, რომელიც "ქოცების" გინების მიღმა იყო,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.