15 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
რა შეფასებები მოჰყვა მსჯავრდებული პრეზიდენტის ახალ პოლიტიკურ გზავნილებს და ვის ადანაშაულებს ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" დაშლაში

მიხეილ სააკაშვილმა ფავორიტები დაასახელა: აქებს ხაბეიშვილს და აკრიტიკებს მელიას. თავის მხრივ მელია სააკაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პატიმარი ორმაგ ტყვეობაშია, სავარაუდოდ გულისხმობს კეზერაშვილს. ნიკა მელიამ, ექსპრეზიდენტს დღეს ტონი დაუწუნა და ურჩია, რომ ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისა და საერთაშორისო მხარდაჭერაზე ფიქრის ნაცვლად, პარტიას და ახალ მენეჯმენტს მიხედოს. იქვე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, სააკაშვილს უთხრა, რომ გუნდის რღვევაზე პასუხისმგებელი, ლევან ხაბეიშვილია, რომელიც პარტიას ჩრდილოვანი მმართველების დირექტივებით უძღვება.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებების შემდეგ, კონტრ-იერიშზე მალევე გადავიდა მოქმედი ხელმძღვანელის გუნდი. გიორგი ბარამიძემ ნიკა მელია, არასერიოზულობასა და ექსპრეზიდენტის აბუჩად აგდებაში დაადანაშაულა.

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" ურთიერთბრალდებებმა დღის ბოლოს კულმინაციას მიაღწია. ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც ჯერ ისევ პარტიის რიგებში რჩება, გუნდის ლანძვის ნაცვლად, ირიბად პარტიის დატოვება ურჩიეს. მელიას თანამოაზრეებმა კი, ხაბეიშვილის გუნდს პირდაპირ უთხრეს, რომ ამ კომფორტს არასდროს შეუქმნიან.

დიდი დაპირისპირება ოპოზიციური პარტიაში, მმართველი გუნდისთვის, როგორც თავად ამბობენ, სასარგებლოა. იქვე "ქართულ ოცნებაში" მიუთითებენ, რომ წარსულის ცოდვებით დამძიმებული ყოფილი სახელისუფლებო პარტია და მისი სატელიტები, ქვეყნის მომავალი ვერასდროს გახდებიან.

მიხეილ სააკაშვილის ახალ პოლიტიკურ გზავნილს, რომელიც ოპოზიციაში დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა, ლევან ხაბეიშვილი არ გამოხმაურებია.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

 

 

დღის ამბები