გამოძიების მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც, ვანო მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე, ბრალი წაუყენეს. გია ლორთქიფანიძე მაშინ ელგუჯა ცომაიას კოდური სიტყვებით ესაუბრებოდა და ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა. ხმოვანი შეტყობინება ელგუჯა ცომაიას ტელეფონიდან ამოიღეს.
გიორგი ლორთქიფანიძეს 25-344-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებას გულისხმობს. პროკურატურის ცნობით, ყოფილმა ძალოვანმა სააკაშვილის დასახმარებლად შეიმუშავა და დაგეგმა თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა გადმოეკვეთა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს უკანონოდ ქვეყნის საზღვარი.
გიორგი ლორთქიფანიძის წინააღმდეგ ეს ერთადერთი ბრალდება არ არის. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული 26 მაისის დარბევის საქმეზეც. გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დაშლა და მათი მასობრივი დაკავება, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, მაშინ მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს დაევალა.
გიორგი ლორთქიფანიძის გვარი ფიგურირებს ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეშიც, მაშინდელი სახალხო დამცველის, 2012 წლის ანგარიშში მოხვდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანის ორგანიზატორად სწორედ ლორთქიფანიძეა მოხსენიებული.
სუს-ის ინფორმაციით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისთვის ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის შექმნის გეგმის ავტორები გიორგი ლორთქიფანიძესთან ერთად, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და ექსპრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი არიან. მამუკა მამულაშვილი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, ნონა მამულაშვილის ძმაა, ის წლებია უკრაინაში იბრძვის.
მიხეილ ბატურინი კი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს, მეზღვაურებთან ერთად, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოში დააკავეს. უკრაინული მხარე მათ გათავისუფლებას აქტიურად ითხოვდა.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის კიევში ვიზიტის დროს, ერთ-ერთი თემა ზელენსკისთან შეხვედრაზე სწორედ დაკავებულების გათავისუფლება იყო.
სალომე ზურაბიშვილმა დაპატიმრებულები შეიწყალა, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა მაშინ გააუქმა ორმხრივი სამიტი, რომელიც უკრაინა-საქართველოს შორის უნდა გამართულიყო. ოფიციალურმა კიევმა განმარტა, რომ ზელენსკი არც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებოდა, ვიდრე ბატურინი და მასთან ერთად დაკავებულები არ გათავისუფლდებოდნენ. მსჯავრდებულების შეწყალება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ზელენსკის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.