გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ილია დარჩიაშვილი შეხვდა რუმინელ კოლეგას.
საუბრისას, მათ აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ამ მიმართულებით, რუმინეთის მიერ გაწეულ მხარდაჭერას.
ილია დარჩიაშვილმა, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
საქართველოს პირველმა დიპლომატმა, შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთანაც გამართა. მხარეებმა მიმოიხილეს ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხები.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას და გენერალურ მდივანს, ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. მხარეებმა, ასევე გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ და კიდევ ერთხელ დადასტურდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა.